სტატია პროფესია

ვინ არის სპორტის ფსიქოლოგი და რას აკეთებს

სპორტის ფსიქოლოგის როლი, მუშაობის მიმართულებები და მეთოდები.

„მინდა, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვიყო“, — ასე შეიძლება დაიწყოს პირველი შეხვედრა. ფსიქოლოგისთვის მომდევნო კითხვა იქნება, რომელ მომენტში აკლია სპორტსმენს ეს რწმენა. ჩოგბურთელს, რომელიც პირველ მოწოდებაზე თავისუფლად თამაშობს, მეორე მოწოდების წინ კი ხელს ზედმეტად ჭიმავს,რაც ზუსტი დარტყმის შესრულებას ურთულებს უკვე აქვს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც შეიძლება სპორტის ფსიქოლოგს მიმართოს.

რას აკეთებენ პირველ შეხვედრებზე

სპორტსმენი და ფსიქოლოგი ერთად არჩევენ რამდენიმე ეპიზოდს. როდის დაიწყო სირთულე? რას ამჩნევს სპორტსმენი საკუთარ სხეულში? რა სცადა უკვე და როდის გამოუვიდა უკეთ? ამის შემდეგ თანხმდებიან მიზანზე. ჩოგბურთელს, მაგალითად, შეუძლია ვარჯიშზე გამოსცადოს მოწოდებამდე მოქმედებათა მოკლე თანმიმდევრობა. მომდევნო შეხვედრაზე განიხილავენ, რა დაეხმარა, რა უშლიდა ხელს და ღირს თუ არა ამ გზით გაგრძელება.

სპორტის ფსიქოლოგის საქმიანობა კვლევას, კონსულტირებასა და სწავლებასაც მოიცავს. ერთი სპეციალისტი შეიძლება იკვლევდეს, როგორ რეაგირებენ მოზარდები მწვრთნელის შენიშვნებზე, მეორე კი მწვრთნელს ეხმარებოდეს, წაგებული მატჩის შემდეგ გუნდთან საუბარი დაგეგმოს. ზოგჯერ ერთი ადამიანი ორივე საქმეს აკეთებს (American Psychological Association, 2008).

რას გვეუბნება პროფესიული წოდება

„სპორტის ფსიქოლოგი“, „ფსიქოკონსულტანტი“ და „მენტალური მომზადების კონსულტანტი“ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. მხოლოდ ამ სახელწოდებებით ვერ გავიგებთ, რა ისწავლა ადამიანმა და რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლია. მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია სპორტში მუშაობისთვის საჭირო სპეციალურ მომზადებას ლიცენზირებული ფსიქოლოგის პროფესიის ფარგლებში აღწერს. (American Psychological Association, 2008).

გამოყენებითი სპორტის ფსიქოლოგიის ასოციაცია გასცემს სერტიფიკატს Certified Mental Performance Consultant (CMPC). მის მისაღებად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს განათლებისა და მენტორის ხელმძღვანელობით მიღებული პრაქტიკის მოთხოვნები და ჩააბაროს გამოცდა. ამ სერტიფიკატით დასტურდება სპორტული თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ფსიქოლოგიური უნარების განვითარებაზე მუშაობის კვალიფიკაცია. ფსიქიკური აშლილობის შეფასებისა და მკურნალობისთვის სპეციალისტს ცალკე შესაბამისი კვალიფიკაცია სჭირდება (Association for Applied Sport Psychology, n.d.).

რა ვკითხოთ სპეციალისტს

პირველივე შეხვედრაზე შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა გამოცდილება აქვს თქვენი ასაკისა და სპორტის სახეობის წარმომადგენლებთან, როგორ შეაფასებთ პროგრესს და ვისთან გადაგამისამართებთ, თუ სხვა დახმარება დაგჭირდათ. თუ შეხვედრას კლუბი აფინანსებს, სასურველია წინასწარ გაარკვიოთ, რა ინფორმაცია მიეწოდება მწვრთნელს, რას შეინახავს ფსიქოლოგი კონფიდენციალურად და რა გამონაკლისები არსებობს. მოზარდსაც მისთვის გასაგები ენით უნდა აუხსნან, რა პირობებში უზიარებენ ინფორმაციას მშობელს ან გუნდს.

გამოყენებული ლიტერატურა

სტატიის ავტორი

sportpsychology.ge

რედაქცია. ინტერნეტჟურნალი სპორტის ფსიქოლოგიაზე. ვამზადებთ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ მასალებს ქართულ ენაზე — სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის, მშობლებისა და სტუდენტებისთვის.

ავტორის ყველა სტატია (4)
გააგრძელე კითხვა

მსგავსი მასალა

იყავი ახალი მასალების პირველი მკითხველი

გამოიწერე SportPsychology.ge-ის სიახლეები და პირველმა მიიღე ახალი სტატიები, კვლევები და ღონისძიებების ინფორმაცია.